შეიძინეთ ნამუშევრები

Yia Art Fair
ნიკა სახანბერიძე, კაკო თოფურია

22-25 ოქტომბერი 2015


პროჯექთ ართბითმა წარადგინა თანამედროვე ქართველი არტისტების, ნიკა სახანბერიძის და კაკო თოფურიას ნამუშევრები Yia Art Fair-ზე.

ნიკა სახანბერიძე დაიბადა 1981 წელს თბილისში. როგორც მხატვარი იგი საქართველოში ჩამოყალიბდა. 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლოებული, არტისტი მრავალ სოლო თუ ჯგუფურ გამოფენაში იღებდა მონაწილეობას თბილისსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში, როგორიცაა ნიუ-იორკი, ლონდონი, მონრეალი და სხვ. 2008 - 2010 წლებში ნიკა სახანბერიძე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ხელოვნების სკოლაში - ლონდონის უნივერსიტეტის გოლდსმიტის კოლეჯში სწავლობდა ხელოვნების ფაკულტეტზე. ნიკა სახანბერიძის შემოქმედება უმეტესად ფერწერასა და შერეულ მედიაში შესრულებულ ქანდაკებას მოიცავს. მისი შემოქმედების გარკვეული ნაწილი აქციის, სტრიტ-არტისა და ინტერაქციული ხელოვნების ნიშნების მატარებელიცაა. ნიკას ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს "ჩუტყვავილა" - ხუთ ფურცლიანი ყვავილის ფორმის გასავრცელებელი სთიქერი. 2000-იანების ეს ცნობილი "ვირუსი" მოედო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გასცდა მის საზღვრებს და დღემდე აგრძელებს გავრცელებას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოირჩევა ლონდონი, სადაც ჩუტყვავილის შეძენა შესაძლებელია ლონდონის სხვადასხვა სახელოვნებო ინსტიტუციის წიგნის მაღაზიაში, როგორც პროექტი "ქითსონის ქუჩა ნომერი 6"-ის ნაწილი. Project ArtBeat-ისთვის არტისტის მიერ სპეციალურად შექმნილი ნამუშევრების სერია შერეული ტექნიკისა და აკრილის ფერწერას მოიცავს. აქ ხელოვანისათვის დამახასიათებელი ტენდენციები ერთობლივად იყრის თავს. ხელოვანის მთავარი მიზანია ფერწერის ტექნიკური ამოცანების ამოხსნა. ფერი, როგორც მისი ერთ-ერთი მთავარი მხატვრული ამოცანა, აქაც კვლავ მისი სახელოვნებო კვლევის ფოკუსად რჩება. ხელოვანი დაინტერესბულია ისეთი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, როგორიცაა ოკეანოლოგია, ენტომოლოგია და ბოტანიკა. მისი ინსპირაცია მოდის ზღვის არსებების, სხვადასხვა მინერალების, მცენარეების და მწერების ფერებიდან და მათი სინათლესა და სიბნელესთან ურთიერთობიდან. თავის შემოქმედებაში ხელოვანი იყენებს ისეთ ფერებს, როგორიცაა ფოსფორი და სხვა ფლუროცენტული ფერები. მისი აბსტრაქციები სიბნელეში ანათებს და ხასიათს იცვლის ულტრაიისფერი სხივის ინტენსიობის მიხედვით. ამგვარად ხელოვანი გვაცნობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გავრცელებულ ფერებს და ხელოვნების ჭრილში მათ მნიშვნელობას უსვამს ხაზს.


კაკო თოფურია უნივერსიტეტში ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით სწავლობდა, თუმცა დამოუკიდებლად პირველივე წლებიდან ხატავდა, - მის არტისტად ჩამოყალიბებაში დიდი როლი პერსონალურმა გამოცდილებამ ითამაშა. არტისტი მუშაობს ფერწერაში, სკულპტურაში, გრაფიკაში და ქსოვილში. ასევე მუშაობს ლანდშაფტის დიზაინზე. არტისტის სკულპტურული ნამუშევრები ძირითადად მასალის მიხედვით ჯგუფდება. ლითონი, ხე, პაპიემაშე და ბეტონი მის ქანდაკებებს სხვადასხვა ფაქტურას და ხასიათს აძლევს. ფერწერულ ნამუშევრებს მკვეთრი, ხალისიანი ფერადოვნებით უფრო ხშირად ზეთის, აკრილის, გუაშის საღებავებით ასრულებს. ძირითადად ხატავს პორტრეტებს, ცხოველებს და პეიზაჟებს. ადამიანის ფიგურები და ცხოველები მაქსიმალურად გამარტივებულია. ერთიან ლაქებს სქელი კონტური შემოწერს. სურათები ხშირად ბავშვის ნახატებსაც მოგვაგონებს. უფრო დეკორატიულია გობელენები, სადაც მხატვრის პერსონაჟები ბევრად უფრო დიდ ფორმატზეა გადატანილი. ნამუშევრების პირობითად შერჩეული სათაურები გარკვეულ ასოციაციებს იწვევს, თუმცა კონკრეტულ სიუჟეტს ან ამბავს არ გულისხმობს, - სურათების ინტერპრეტაციას მხატვარი მაყურებელს მიანდობს.