შეიძინეთ ნამუშევრები

ახალი საგამოფენო სივრცის გახსნა

13 ოქტომბერი – 19 ნოემბერი, 2017



Project ArtBeat მოხარულია მოგიწვიოთ ახალი საგამოფენო სივრცის გახსნაზე, რომელიც ძველი თბილისის ისტორიულ შენობაშია განთავსებული. ახალი საექსპოზიციო სივრცის წარდგენა გალერეის დაარსებიდან სამი წლის იუბილეს ემთხვევა. საინაუგურაციო შოუ საჯაროდ 2017 წლის 13 ოქტომბერს მოეწყობა და მასში გალერეის ყველა არტისტი მიიღებს მონაწილეობას. გამოფენაზე წარმოდგენილი თითქმის ყველა ნამუშევარი საქართველოში პირველად იქნება გამოფენილი.


მონაწილე არტისტები: მაკა ბატიაშვილი, ირაკლი ბუგიანი, გიორგი გაგოშიძე, კაკო თოფურია, დავით მესხი, კონსტანტინ მინდაძე, ლევან მინდიაშვილი, მაია ნავერიანი, ნიკა სახანბერიძე, გიო სუმბაძე, მაია სუმბაძე, ბესო უზნაძე, ლადო ფოჩხუა, ნინო ჩუბინიშვილი, სოფო ჩხიკვაძე, თამუნა ჭაბაშვილი, მამუკა ჯაფარიძე, გვანცა ჯიშკარიანი


2014 წლიდან, Project ArtBeat-ის ორგანიზებით განხორციელდა სხვადასხვა სახის პროექტები ქართული თანამედროვე ხელოვნების სფეროში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო არტ სცენაზე. Project Artbeat-ის მოძრავ გალერეაში მოეწყო 14 გამოფენა, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე რეგიონში (ქუთაისი, ბათუმი, თელავი, წყალტუბო). გალერეასთან ასოცირებული ხელოვანების ნამუშევრები გამოიფინა ხელოვნების საერთაშორისო 10 ფეარზე: სტამბულში, ნიუ იორკში, პარიზში, ბაზელში, ლონდონში, კიევში, ვილნიუსსა და დუბაიში. ხელოვანების ნამუშევრების გაცნობა გალერეის ონლაინ პლატფორმის (wwww.projectartbeat.com) საშუალებითაც არის შესაძლებელი. არტისტების შესახებ ხშირად იწერება ისეთ მნიშვნელოვან გამოცემებში, როგორებიცაა Artnet.com და the Art Newspaper. 


Project ArtBeat-თან კოლაბორაციით გაიმართა გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეროვნულ გალერეაში, სვანეთის ისტორისაა და ეთნოგრაფიის მუზეუმში, MoMa თბილისში, ასევე საერთაშორისო პროექტები ნიუ იორკში - Art in General, ტოკიოში - ROCKET Omotesando და პეკინში - Beijing International Art Biennale. Project ArtBeat-ის ინიციატივით, საქართველოში განხორციელდა ისეთი ცნობილი ხელოვანების პროექტები, როგორებიც არიან: Brian Griffin, Oscar Murillo, Jesse Darling და Takeshi Shiomitsu. 


სამი წლის განმავლობაში წარმატებული და ნაყოფიერი საქმიანობის შემდეგ, Project ArtBeat დამთვალიერებელს მუდმივ საექსპოზიციო სივრცეს სთავაზობს.