ნარცისიზმის მომენტი
მაკა ბატიაშვილი

13 დეკემბერი 2019 – 26 იანვარი 2020

გალერეა Project ArtBeat წარმოგიდგენთ მაკა ბატიაშვილის პერსონალურ გამოფენას, ნარცისიზმის მომენტი.

„მომენტი, საკუთარ თავზე ფოკუსირების, ილუზიური და წამიერი, რომლის ერთ მხარეს ჩვენ თვითონ წარმოვადგენთ, მეორეს კი ისეთი, როგორიც გვინდა რომ ვიყოთ. პოზირება და  საკუთარი გამოსახულების ფიქსირება  ჩვენი ცხოვრების  ყოველდღიურობის  ნაწილია.
ამ დროს ადამიანი ტკბება თავისი შარმით, კონცენტრირდება შეგრძნებებზე და ვიზუალზე. ეს არის მომენტი, როდესაც ადამიანი თავის შინაგან, არამატერიალურ საყაროს მაქსიმალურად უახლოვდება ან პირიქით, გაურბის და დროებით ნიღაბს ირგებს.
ეს არის სარკეში ჩახედვისას, ქუჩაში, მაღაზიის ვიტრინაში, საკუთარი ანარეკლის თვალის შევლების დროს და ყველაზე მეტად, ფოტოსთვის პოზირების დროს.
დღეს, როდესაც ჩვენ ციფრულ სამყაროსა და სოციალურ ქსელებს ვფლობთ, გვაქვს გასაოცარი შესაძლებლობა საკუთარი თავის საუკეთესო მხრიდან დემონსტრირების. სადაც გამოგონილი და რეალური ერთმანეთში იკვეთება.  შემდეგ კი ეს ყველაფერი ინფორმაციული ქაოსის ნაწილი ხდება.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები შესრულებულია ამ  განწყობაზე დაკვირვებით და გააზრებით... და ნარცისიზმი, არა როგორც ადამიანის სისუსტე, არამედ როგორც პირადი მდგომარეობის კონტროლისა და იდენტობის ლოგიკური გამოვლინება”. - მაკა ბატიაშვილი

მაკა ბატიაშილი მუშაობს ფერწერის, გრაფიკის, წიგნის ილუსტრაციების, ვიდეო არტის, დოკუმენტური კინოს სფეროში. მის ინსპირაციას წარმოადგენს ადამიანის ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებული მომენტები, რომლებიც გადაიქცევა მნიშვნელოვან ვიზუალურ ხატებად. არტისტი ჩვეულებრივი სიტუაციებიდან ისეთ მომენტს ირჩევს, სადაც გამოსახულია ზღვრული მდგომარეობა, აქ მნიშვნელოვანია წონასწორობის დაცვა. მაკასთვის უმნიშვნელოვანეს კონცეპტს წარმოადგენს ცოცხალი, ემოციური გარემოსა და საგნების გარემოცვაში მოქცეული ადამიანი, რომელიც მუდმივად აბალანსებს სიტუაციას, მუდმივად ზღვარზეა, რომელსაც არ კვეთს.

მაკას ნამუშევრებში ფერადი ლაქები ნეიტრალურ, ერთიან ფონზე მკაფიოდ იკითხება. ნახატის მარტივი ფორმები და დამუშავება ადვილად აღქმადია. ნამუშევრებში დომინირებს ხასხასა ფერები და მარტივი კომპოზიციები. გრაფიკაში მაკას ასევე მარტივი ფორმები აქვს გამოყენებული. ქაღალდზე ტუშით შესრულებული სურათები ძლიერ ენერგეტიკას ატარებს და მხატვრისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკით დამუხტულ გამოსახულებებს გვთავაზობს.