თამარ ბოჭორიშვილი - ძვირფასი თვალი

16 ივნისი – 16 აგვისტო, 2020

გალერეა ართბითი წარმოგიდგენთ თამარ ბოჭორიშვილის პერსონალურ გამოფენას, "ძვირფასი თვალი".

"თამარ ბოჭორიშვილის თხრობის ფორმა ხელოვნების სხვადასხვა მედიის შეთავსებით იქმნება. მის გრაფიკულ ნამუშევრებში ნაქარგებია ჩართული, ხოლო ხის და სინთეტური მასალების ობიექტებში - ნახატები.

“ძვირფასი თვალი” მხატვრის ძველი ნამუშევრების ქვის თემის გაგრძელებაა. იგი მთაში მოპოვებული ფერადი ქვის ანარეკლებსა და საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული და შეკუმშული ენერგიას თვალის ფორმაში ათავსებს. მთის “ძვირფასი თვალი” ადამიანის თვალად იქცევა. მისი ფუნქცია, ისტორია და ენერგია იცვლება. იგი სქემატიზირებული, მოქარგული, გასართობი და დეკორატიული ხდება, როგორც ადამიანი, რომელიც ცდილობს ღრმა, დრამატული და მტკივნეული ისტორია გადამალოს, დაივიწყოს და ფრაგმენტული მრავალფეროვნების ახალი თხრობა შექმნას.

“ძვირფასი თვალის” მხატვრული ფორმების კეკლუცი თამაში დროითა და მისი თანმდევი ცვლილებების დრამატიზმით გამოწვეულ სხეულის დაშლილ ფორმებს უპირისპირდება. ობიექტები, ჩვენი ეპოქის სხეულის დარღვეული სისტემის კონვულსიური ფორმებია, რომლებიც მხატვარმა სინთეტიკური თიხითა და სათამაშოების მეორადი მონარჩენებით შექმნა. სქესი, სექსი, პოლიტიკა, ძალაუფლება, დომინაცია და სუბორდინაცია, რაც სხეულის სტრუქტურისა და ქსოვილის მუდმივ ცვლილებს იწვევს, მხატვრის შექმნილ ობიექტებში სხვადასხვა ფორმით იკვეთება. სხეული ფსიქოლოგიური დრამის ილუზორული ობიექტი ხდება და ცდილობს გაიპაროს ან თუნდაც გაქრეს ხის სადგამებიდან" - ლალი პერტენავა.


თამარ ბოჭორიშვილის ნამუშევრები საკუთარი თავის ძიებისა და შემეცნების შესახებ თხრობაა. განსხვავებული მასალისა და ტექნიკის შეთავსებით შექმნილი გრაფიკული ნახატები და ობიექტები წარსული გამოცდილების, დრამატიზმისა და მოულოდნელი მომავლის მოლოდინის შესახებ ყვება.

ნამუშევრები წარმოადგენენ მცირე ზომის ობიექტებსა და ქაღალდზე შესრულებულ ნახატებს. ისინი ერთი მხრივ მხიარულია და თამაშს (სათამაშოს) ჰგავს, მეორე მხრივ გამოხატავს ისეთ თემებს, როგორიცაა: ოჯახი და საზოგადოება, სხეული და სექსუალობა, სიკვდილი და ქვეცნობიერი. ნამუშევრები ფორმას იღებენ პერსონალური და კოლექტიური გამოცდილებიდან, იცვლებიან თხრობითობის მნიშვნელობების მიხედვით. ისინი მეტყველებენ ისეთ ძირეულ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოების ყველა დონეზე დომინირებს და დრამატული კონტექსტიდან მხიარულ თამაშის ფორმებში გარდაიქმნებიან.